როგორ ამოვიცნოთ ჩვენი ნიჭი და გადავაქციოთ შემოსავლის წყაროდ?
ამ ბლოგში გაეცნობი თუ როგორ დაიწყო ძალიან საინტერესო მოგზაურობა, საკუთარი ნიჭის აღმოსაჩენად. ავტორს სურვილი აქვს, რომ მკითხველი არასტანდარტულად დააკვირდეს ნიჭის ცნებას და მისი აღმოჩენის გზებს.
საკუთარ ცოდნას გაგიზიარებთ დავით ასანიძე, კარიერის კონსულტანტი; ბიზნეს უნარების ტრენერი:
კარიერის კონსულტირებაში, ჩემთვის, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადამიანებს ვეხმარები უკეთესად გაიცნონ საკუთარი თავი: აღმოაჩინონ თავიანთი ნიჭი, ძლიერი და სუსტი მხარეები, ინტერესები, პიროვნული მახასიათებლები. შემდეგ ერთად განვსაზღვრავთ თუ რა არის მათთვის საქმიანობის ყველაზე შესაფერისი სფერო, ფორმა და ვქნით წერილობით კარიერულ გეგმას, რის შემდეგაც იწყებენ მოქმედებას.
ადამიანების ორი ტიპი:
ჩემი პროფესიული გამოცდილების გაანალიზების შემდეგ, ნიჭიერებასთან მიმართებით, ადამიანების ორი ჯგუფი გამოვყავი:
- ის, ვინც ვერ ამჩნევს საკუთარ ნიჭს და შესაბამისად თვლის, რომ უნიჭოა;
- ის, ვინც ფიქრობს, რომ მრავალმხრივი ნიჭი აქვს, მაგრამ ვერ არჩევს, რომელს დაუთმოს მეტი ყურადღება.
ორივე შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მეთოდების გამოყენება და სწორი შეფასება, რომ პირველ ჯგუფს ნიჭი აღმოვაჩენინოთ და მეორესთან განვსაზღვროთ რომელია პრიორიტეტული ნიჭი.
სინამდვილეში, ყველა ადამიანი ნიჭიერია.
რა არის ნიჭი?
ის, შესწავლის საგანია ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ნეირომეცნიერებაში, განათლებაში, მენეჯმენტსა და სოციოლოგიაში. ჩვენ, ბლოგის მიზნებისთვის გავამარტივოთ და განვმარტოთ ის, როგორც უნარი ან თვისება, რომელიც დიდი დოზით არის ადამიანში წარმოდგენილი.
როგორ აღმოვაჩენთ ნიჭს კონსულტაციებზე?
სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით:
- წერითი და არტ-თერაპიული სავარჯიშოები;
- ტესტები;
- დაკვირვება;
- ინტერვიუ და სხვა.
ეს ძალიან ღრმა და საინტერესო პროცესია - ადამიანს ეხმარება გაიცნოს საკუთარი თავი - აღმოაჩინოს, აღიქვას და ირწმუნოს თავისი შესაძლებლობები.
სტანდარტული, არაპროფესიონალური მიდგომით, საკმაოდ რთული აღმოსაჩენია, რადგან სხვადასხვა შეცდომას ვუშვებთ ნიჭის ამოცნობისას და ზოგიერთ მათგანს გაგიზიარებ:
შეცდომა #1: ნიჭს აიგივებენ ხელოვნებასთან
ზოგიერთს ნიჭი მხოლოდ ხატვა, ცეკვა და მსგავსი უნარი ჰგონია.
სინამდვილეში, შენი ნიჭი, შეიძლება სრულიად უცნაური რამ იყოს.
მაგალითად, ჩემი მომსახურების ერთ - ერთმა მიმღებმა, სავარჯიშოების გაკეთების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ნიჭი, ადამიანების მოსმენაა. უნარი, რომელსაც ბევრი ყურადღების მიღმა ტოვებს, სინამდვილეში კი ძალიან იშვიათი და დიდი წარმატების მომტანია, როგორც საქმეში, ისე ცხოვრების ნებისმიერი მიმართულებით. შეხვედრების ბოლოს, ყველა მონაცემის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფსიქოლოგიის მიმართულებით წავიდეს. ჩამოაყალიბა სავარაუდო ბიზნეს პერსპექტივებიც, პროფესიაც ამ სფეროს დაუკავშირა და ვფიქრობ დიდ წარმატებას მიაღწევს.
შეცდომა #2: ნიჭს არ განიხილავენ სხვადასხვა კონტექსტში
ნიჭს უნდა შეურჩიო შესაფერისი გარემო. შენი ნიჭი, შენი ძლიერი მხარე არის. თუ გინდა, რომ სწორად შეაფასო უნარი/თვისება, ძლიერი მხარეა თუ სისუსტე, სხვადასხვა კონტექსტში უნდა დააკვირდე. მაგალითად, თუ ადამიანის სიმაღლე 2 მეტრზე მეტია, ფეხბურთში სავარაუდოდ ხელს შეუშლის, მაგრამ კალათბურთისთვის — ნიჭია, ძლიერი მხარეა. ის, რაც სისუსტეა ერთ მოცემულობაში, სხვაგან ძლიერი მხარე აღმოჩნდება ხოლმე.
შეცდომა #3: საკუთარ უნარს/თვისებას ადარებენ სხვისას
ნიჭი არის ის, რაც შენში ყველაზე დიდი დოზით არის წარმოდგენილი, სხვა უნარებთან/თვისებებთან შედარებით. საკუთარი შესაძლებლობები ერთმანეთს შეადარე, ნაცვლად იმისა, რომ სხვებისას შეადარო.
თუ შენ შეგიძლია კოდის წერა, ხეზე კვეთა და ცეკვა, მაგრამ ყველაზე მარტივად და უკეთესად ცეკვა გამოგდის, დიდი ალბათობით შენი ნიჭი ცეკვაა. აი, ილიკო სუხიშვილს თუ შეედრები, შეიძლება ჩათვალო, რომ არც ისე ნიჭიერი ხარ (შენ ხომ არ იცი რა შრომა ჩადო მან, ამ დონეზე რომ დახელოვნებულიყო).
ჰოვარდ გარდნერის 9 ინტელექტი დაგეხმარება, საკუთარი ნიჭის შეცნობა დაიწყო
გარდნერის მიხედვით, ნებისმიერ ადამიანში არსებობს ყველა ეს ინტელექტი, სხვადასხვა დოზით:
- ლინგვისტური – სიტყვებით გამოხატვის ნიჭი.
სფერო: ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია, ლიტერატურა, ქოფირაითინგი და სხვა.
უპასუხე: გიყვარს ტექსტების წერა, კითხვა, სიტყვებით თამაში?
- ლოგიკურ-მათემატიკური – ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების ლოგიკურად გადაჭრა.
სფერო: ინჟინერია, პროგრამირება, ფინანსები და სხვა.
უპასუხე: გაინტერესებს პრობლემების ანალიტიკა, თავსატეხები, სისტემური აზროვნება?
- სივრცითი – ვიზუალური წარმოდგენის და სივრცის აღქმის უნარი.
სფერო: არქიტექტურა, დიზაინი, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა.
უპასუხე: გიყვარს ხატვა, დიზაინი, სქემები? ძლიერი ვიზუალური აღქმა გაქვს?
- მუსიკალური – ტონების, რიტმის და ჰარმონიის შეგრძნება.
სფერო: ესტრადა, მუსიკალური განათლების სამყარო და სხვა.
უპასუხე: ხშირად მღერი? უსმენ მუსიკას ხშირად? რითმის გრძნობა ძლიერი გაქვს? კარგი სმენა გაქვს?
- სხეულებრივი (კინესთეტიკური) – სხეულის გამოყენების უნარი.
სფერო: ქორეოგრაფია, სპორტი, ხელოსნობა და ა.შ.
როლი: სპორტსმენი, სპორტის ტრენერი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ოქრომჭედელი.
უპასუხე: გიყვარს ფიზიკური აქტივობა - ცეკვა, სპორტი, ფიზიკური შრომა?
- ადამიანთაშორისი (ინტერპერსონალური) – სხვების ემოციებისა და განზრახვების წაკითხვა, ეფექტური კომუნიკაცია.
სფერო: ფსიქოლოგია, მართვა, სწავლება და სხვა.
უპასუხე: სხვების გრძნობებს, ფიქრებს, მოტივაციებს ხშირად აკვირდები?
- შინაგანი (ინტრაპერსონალური) – საკუთარი ემოციების, სურვილებისა და მიზნების გაცნობიერება.
სფერო: ძირითადად იგივეა - ფსიქოლოგია, მართვა, სწავლება და ა.შ.
უპასუხე: საკუთარ გრძნობებსა და შინაგან მდგომარეობას ხშირად აკვირდები?
- საბუნებისმეტყველო – ბუნების კანონების, გარემოსა და ეკოსისტემის შეგრძნება.
სფერო: ბიოლოგია, გეოგრაფია, ფერმერობა, გარემოს დაცვითი საქმიანობა
უპასუხე: გაინტერესებს ბუნება, ცხოველები, მცენარეები?
- ეგზისტენციალური – ცხოვრების, სამყაროს და ღირებულებების ღრმა გააზრება.
სფერო: ფილოსოფია, თეოლოგია და ა.შ.
უპასუხე: ხშირად ფიქრობ ცხოვრების ღრმა აზრზე? ადამიანის დანიშნულებაზე? სიკეთეზე და ბოროტებაზე? სამყაროს გაუმჯობესებაზე?
უპასუხე ზემოთ დასმულ შეკითხვებს - ეს საკუთარი ნიჭის ამოცნობაში დაგეხმარება. გარდნერის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანში, ძირითადად ორი ან სამია წამყვანი ინტელექტი. მათი გონივრულად შეხამებით, საქმიანობის სფეროს და პოზიციის განსაზღვრა, დიდი საქმიანი წარმატების მომტანია. მაგალითად, ვისაც მუსიკალური ინტელექტი აქვს, შოუბიზნესში შეუძლია წავიდეს და მომღერალი გახდეს. თუ ლოგიკურ - მათემატიკური ინტელექტიც აქვს, შეახამებს ამ ორ ინეტელექტს და შეიძლება გახდეს შოუბიზნესში არსებული კომპანიების ფინანსისტი. თუ ადამიანთაშორისი (ინტერპერსონალური) ინტელექტიც აქვს, შეუძლია გახდეს პროდიუსერი და ა.შ.
თუ საკუთარი თავის დამოუკიდებლად გაცნობას აპირებ, იმედი მაქვს, რომ მოძებნი 9 ინტელექტზე მასალას და წაიკითხავ. ბლოგში მეტად ვერ გავშლი ამ საკითხს. დაადგინე შენი ინტელექტი და იფიქრე როგორ შეგიძლია განავითარო.
რისთვის გამოგადგება ნიჭის გარკვევა?
როცა საკუთარ ნიჭს იცნობ, შეგიძლია გამოიყენო:
- შემოსავლის მისაღებად - მოძებნი სფეროს, სადაც შენი ნიჭი, მოთხოვნადია და ჩაერთვები კონკრეტულ საქმიანობაში: შექმნი ბიზნესს ან დასაქმდები ორგანიზაციაში ან სამეცნიერო სივრცეს შეუერთდი და ა.შ.
- თვითრეალიზაციისთვის - დაინახაბ შენს შესაძლებლობებს, გააქტიურდები და თავს იგრძნობ იმ სფეროს, ადამიანების იმ ჯგუფის ნაწილად, რომელსაც შენი ნიჭი უკავშირდება.
- საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად - გაზრდი შენზე მოთხოვნადობას: გააგებინებ მაქსიმალურად ბევრს, რაში ხარ ძლიერი და რისთვის მოგმართონ.
გაითვალისწინე, დიდი საქმიანი წარმატების მისაღწევად მარტო ნიჭი არ კმარა, აუცილებელია იცოდე:
- რა გიზიდავს ანუ რა არის შენი ძლიერი ინტერესი? - ადამიანებს სხვადასხვა ინტერესი გვაქვს. ინტერესიც ნიჭივით უცნაური და რთულად დასანახი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ გაიცნობ ამ მხრივ საკუთარ თავს - დიდი წარმატების გასაღებს მოიპოვებ. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო წარმატებული საქმიანობა, როდესაც აკეთებ იმას რაც ძალიან გაინტერესებს და გიზიდავს? აკეთებ იმ კუთხით რისი ნიჭიც გაქვს? შეახამე ეს ორი, საუკეთესო კომბინაცია მოძებნე და მწვერვალებს დაიპყრობ.
მაგალითად, თუ შენ ბავშვები განსაკუთრებით გაინტერესებს და შენი ნიჭია ცეკვა (სხეულებრივი ინტელექტი), შეგიძლია გახდე ცეკვის მასწავლებელი ბავშვებისთვის. შეიძლება ბიზნესის კუთხით მიუდგე და სტუდია გახსნა, თანამშრომლები აიყვანო; ან სხვასთან დაიწყო მუშაობა. ამ სვლას შეუძლია მოგიტანოს დიდი მუხტი და ფინანსური წარმატება.
- რა არის შენი ღირებულებები? - კეთილსინდისიერება, დისციპლინა, სხვების დახმარება, საკუთარი თავის წარმოჩენა და სხვა. ღირებულებებში გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია კარიერის სწორად დასაგეგმად. ამით შენ გაიგებ რასთან გინდა იყო ახლოს და რისგან გინდა იყო შორს.
- რა არის შენი მუშაობის სტილი? - ბიზნესს დასაწყისში, მუდმივად გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. ზოგიერთი ადამიანი, ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე, მზად არ არის დიდი პასუხისმგებლობებისთვის - ანუ ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო დრო არ უდგას; ზოგიერთისთვის პირიქით, მიმდინარე ეტაპზე ,,ქარიშხალი’’ შესაფერისია; ზოგიერთს მკვეთრად განსაზღვრული სამუშაო ფუნქციები იზიდავს, სხვისთვის ეს სუნთქვის შემკვრელია; ზოგს ბევრი ხალხის გარემოცვაში მუშაობა უყვარს, ზოგს მარტოობა და ა.შ. გაიაზრე რა სამუშაო გარემო, ფორმაა ყველაზე მისაღები შენთვის.
- რა არის შენი სისუსტე? - ზედმეტად დიდი ან პატარა წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე? იქნებ კონფლიქტური ხარ ან მუდმივად ერიდები კამათს? დისციპლინა გაკლია ან შეიძლება პერფექციონიზმით იტანჯები და სხვა. საქმიანი წარმატების მისაღწევად როგორც ძლიერ მხარეებზე, ისე სისუსტეებზე მუშაობა დაგჭირდება.
შეჯამება
თუ გინდა, რომ შენი ნიჭი ამოიცნო და მიიღო შემოსავალი, შეისწავლე საკუთარი თავი:
- მაქსიმალურად სრულად ჩამოწერე ყველა შენი უნარი/თვისება;
- დააკვირდი, რომელი უნარი/თვისებაა შენში ყველაზე ძლიერად წარმოდგენილი;
- იფიქრე, ადამიანების, რომელი პრობლემის გადაჭრაში შეგიძლია ეს ნიჭი (უნარი/თვისება) გამოიყენო, იმიტომ, რომ ადამიანები, პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ გადაგიხდიან ფულს.
და თუ მარტო ვერ მოახერხებ ამოიცნო შენი ნიჭი, მიმართე სპეციალისტს.




.png)
.png)
.png)

.png)
.png)
